ბრენდების თვალით დანახული დედა
3 მარტი
მარტის თვე შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის საკმაოდ დატვირთულია. 3 და 8 მარტი – დედის და ქალთა დღე. ამ პერიოდს ბრენდები ერთგვარი მანიფესტაციისთვის იყენებენ, რომელიც მომხმარებელთან ემოციური კავშირის შენებას მეტად ემსახურება, ვიდრე გაყიდვების ზრდას.
წელს ჩვენთვის პირველი 3 მარტია და ვეცადეთ მაქსიმალურად ბევრი ბრენდის გზავნილს დავკვირვებოდით. საბოლოოდ, შვიდი ბრენდი შევარჩით, რომელთა მაგალითზე გიყვებით, როგორია წელს ბრენდების თვალით დანახული დედა.
ნოსტალგია და კავშირი თაობებს შორის – ავერსი და ზუმერი
ავერსმა საკმაოდ მოკლე ვიდეორგოლში სამი თაობის დედა დაგვანახა, ხოლო ლექსი, რომელსაც ახალგაზრდა კაცი (ვიდეოს „ხმა“) დედას წერილად სწერს, ხაზს უსვამს დედის, როგორც მარადიული მონატრებისა და დარდის ობიექტის ხატს. აქ დედა არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ყოველთვის შვილის გვერდითაა, მაშინაც კი, როცა ფიზიკურად ერთად არ არიან. ავერსმა ამით დედის მუდმივობა დაგვანახა ყოველგვარი პროდუქტის ინტეგრაციის გარეშე.
ზუმერმაც თაობების თემა შემოიტანა და ვიდეორგოლი ტრადიციულად მის მთავარ სეგმენტს – Gen Z-ის – დაუკავშირა. დედა აქ არა მხოლოდ მშობელია, არამედ მეგობარი, რომელიც წლების წინ თავადაც იყო Gen Z-ის, ანუ 14-29 წლის ასაკში. ძველი ფოტოალბომის დათვალიერებით და მოგონებების გახსენებით, ნოსტალგია ირთვება და ემოციური ფონი ძლიერდება. პროდუქტის ინტეგრაციას მხოლოდ Fujifilm Instax Mini-ის სახით ვხედავთ, რომლითაც დედა-შვილი სამახსოვრო ფოტოს იღებს, როგორც კიდევ ერთ, ახალ მოგონებას ფოტოალბომისთვის.
ადგილი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო – გაგუას კლინიკა და ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
სამედიცინო სექტორი, ბუნებრივია, დასაწყისზე კონცენტრირდა, ოღონდ განსხვავებული მთხრობლითა და სიუჟეტით.
გაგუას კლინიკის ვიდეოში მთხრობელი დედაა, ადრესატი – ქალიშვილი. ინვერსიული თხრობის (დროის უკუსვლის) მეთოდით დედა ახლანდლიდან წარსულისკენ იხსენებს მნიშვნელოვან მოვლენებს და მიდის პირველ მომენტამდე, როცა მიხვდა, რომ შვილი ყველაზე მეტად უყვარს, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია – შეხვედრის პირველ წამთან. აქედან ვიდეოს გზავნილიც: ერთი ნახვით სიყვარული არსებობს. ქალი აქ წარმოდგენილია, როგორც დედა, რომელიც შვილის გვერდითაა მისთვის მნიშვნელოვან ყველა მომენტში.
ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ვიდეოში მთხრობელი ბავშვია, ხოლო ადრესატი – დედა, რომელიც, შვილის მიხედვით, „სამყაროს ხუთივე გრძნობაა“, ანუ ის ყველაფერი, რისი საშუალებითაც ბავშვი სამყაროს შეიცნობს. შესაბამისად, აქ ვნახეთ დედა, რომელიც შვილისთვის არის მედიატორი სამყაროს შემეცნებისთვის.
დედის ბევრი როლი – ბაკურიანი
ბაკურიანის ვიდეოში განსხვავებული სიუჟეტი ვნახეთ, მთელი ხაზი თამაშზე (იმპოსტერი) აიგო და შვილებისგან მოვისმინეთ ის როლები, რომელთაც დედები ყოველდღიურად ითავსებენ: კომპასი, უფასო ფსიქოლოგი, სუპერგმირი, მრჩეველი, საყრდენი, თავშესაფარი, ჭურვი, ადამიანი, რომელიც ბევრს მუშაობს…
შვილებისგან ამ ყველაფრის გაჟღერება ერთგვარად არის აღიარება, რომ დედის ამდენი როლი არ არის „უხილავი შრომა“, არამედ შრომა, რომელსაც ხედავენ და აფასებენ.
ბავშვობის მთავარი გმირები – საქართველო ბანკი
საქართველოს ბანკმა 3 მარტისთვის მოულოდნელი თემა შემოგვთავაზა. მათ გვითხრეს, რომ ამ თვეს მიუძღვნიან „მშობლებს, ვინც ასწავლეს ჩვენს მშობლებს მშობლობა. ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტს გასცემენ და ყველაზე ცოტას ითხოვენ, ჩვენი ბავშვობის მთავარ გმირებს – ბებიებს“. ამჯერად მხოლოდ ერთი პოსტით შემოიფარგლნენ, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამ თემას 8 მარტის კამპანიაში გაშლიან.
„იპოვე შენი რუტინა ფარმადეპოში“
თუკი სხვა ბრენდების ვიდეოებში პროდუქტის ინტეგრაცია მცირედით ან საერთოდ არ ყოფილა, ფარმადეპომ თავისი კამპანია სწორედ საკუთარ პროდუქციაზე ააგო. სამ ვიდეორგოლში ვნახეთ სხვადასხვა ასაკის ქალები, რომლებიც საკუთარ თავის მოვლის რუტინას აზიარებენ. აქ ემოციური გავლენა ნაკლებია, არც დედობაზეა ხაზგასმა, არამედ ზოგადად ქალობაზე, საკუთარ თავზე ზრუნვაზე, რასაც ჩვენ გარდა არავინ გააკეთებს.
დასკვნისათვის:
შვიდი ბრენდის თვალით დანახული დედა განვიხილეთ, რამაც ერთ რამეზე დაგვაფიქრა – ყველას საერთო აქვს ის, რომ მამა კადრში თითქმის არ ჩანს. თუ არ ჩავთვლით „გაგუას კლინიკის“ ფინალურ კადრს სამშობიარო ბლოკში, ქართული ბრენდების ნარატივში დედა შვილთან ურთიერთობისას მარტოა. ჩნდება კითხვა:
არის ეს გააზრებული მარკეტინგული სვლა დედის როლის გაძლიერებულად წარმოსაჩენად თუ გაუცნობიერებელი სოციალური სტერეოტიპის გაგრძელება, რომ ბავშვის აღზრდა და ემოციური კავშირის დამყარება მხოლოდ ქალის პასუხისმგებლობაა?
რაც უნდა იყოს, წელს ქართულმა ბრენდებმა ბევრნაირი ქალი გვანახეს, არა მხოლოდ დედა, არამედ მეგობარი, მედიატორი სამყაროსთან, სუპერგმირი, მრჩეველი, უბრალოდ ქალი, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნავს…
წინ 8 მარტია და ერთად ვნახავთ, იგივე თუ სხვა ბრენდები ქალის რა სახეს გვიჩვენებენ ამჯერად.