როგორ შეიძლება იქცეს ტრენდი ბრენდის ზრდის ორგანულ კატალიზატორად
keburia-hire-me-as-a-model

როგორ შეიძლება იქცეს ტრენდი ბრენდის ზრდის ორგანულ კატალიზატორად

“keburia, hire me as a model”

ავტორი: ნინი ლეკიშვილი

28.01.2026

ციფრული მარკეტინგის ეპოქაში ბრენდების ცნობადობა სულ უფრო იშვიათად იზრდება კლასიკური რეკლამით, ბანერებითა და ბილბორდებით. რაც უფრო მეტად ციფრულდება ცხოვრება, რეალური “ჰაიპი” და ყურადღება იქ იქმნება, სადაც კულტურა, იდენტობა და ალგორითმი ერთმანეთს ერწყმის - ინტერნეტში ქართული მოდის სახლის, Keburia-ს გარშემო ბოლო კვირებში აგორებული TikTok ტრენდი სწორედ ასეთი შემთხვევაა, რომლის ლოკალურ კონტექსტში პოპულარობამაც დაგვაინტერესა და მისი განხილვა გადავწყვიტეთ.  

 

როგორ დაიწყო ყველაფერი

ტრენდი TikTok-ზე გაჩნდა, სადაც ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას შემოქმედების ფანები დებდნენ ვიდეოებს რეპერი Mamaflex-ის ტრეკზე Biceps and Knifes (რომელიც უკვე დიდი ხანია ფართოდ ასოცირდება ქებურიასთან, როგორც ბრენდთან), ერთადერთი ფრაზით: “Keburia, hire me as a model.”

 

ტრენდის ფორმულა მარტივა - ესთეტიკა, თვითირონია, ამბიცია და დიზაინერისკენ მიმართული ერთგვარი კოლექტიური გამოწვევა ვიზუალურად საინტერესო კონცეფციას ქმნის. სწორედ ამ სიმარტივემ გაიყვანა ტრენდი დიდ მასშტაბზე. მალევე ამ ვიდეოებმა არა მხოლოდ მოდელობის სურვილის, არამედ კულტურულ პროცესში მონაწილეობის განაცხადის ფუნქციაც შეითავსა. 

 

მუსიკა, როგორც ბრენდის რიტმი

Mamaflex ამ ტრენდში უბრალოდ საუნდტრეკის ფუნქციას არ ასრულებს. ბათუმელი რეპერი Keburia-სთან მას შემდეგ გადაიჯაჭვა, რაც Biceps and Knifes-ში გარეპილმა ცნობილმა ტაეპმა (“ტანზე ქებურია, ვიდზე ხამზატ ჩიმაევი”) ქართული ინტერნეტსივრცე ვირუსული ტემპით მოიცვა. 

 

 

მამაფლექსის მუსიკა ქებურიას ტანსაცმლის ერთგვარ კულტურულ გამტარად მალევე ჩამოყალიბდა, რაც კიდევ უფრო განამტკიცა დიზაინერის ლონდონის მოდის კვირეულის ჩვენებამ, რომელიც მუსიკალურად სწორედ მამაფლექსის რეპით იყო გაფორმებული. Mamaflex, რომლის  მუსიკა დიდი ხანია იკავებს იდეალურ ბალანსს მეინსტრიმსა და ანდერგრაუნდს შორის, იდეალურად ერგება Keburia-ს ესთეტიკას.

 

შესაბამისად, ალგორითმმა სწრაფად აიტაცა ამ რეპზე მორგებული ტრენდი, თუმცა მისი პოპულარობის მიზეზი მხოლოდ ალგორითმი არ არის. ეს იყო აუდიო-ვიზუალური თანხვედრა, რომელიც აუდიტორიამ „ნამდვილი“ კონტენტის სახით აღიქვა.

 

ამ ტრენდში რეალურად ძლიერ მარკეტინგულად ჯაჭვურ ეფექტს ვხედავთ - მუსიკა ქმნის ემოციურ კონტექსტს, ესთეტიკურ ღირებულებასთან ერთად კი ვიდეოები “გადაზიარებადი” ხდება, რაც საბოლოოდ ბრენდის ორგანულ წვდომას ზრდის. 

 

Keburia როგორც სიმბოლო და არა მხოლოდ ბრენდი

Keburia ამ ეტაპზე აღარ არის მხოლოდ დიზაინერი - ის ქართული მოდის ახალი ტალღის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა, რომელიც ურბანული გემოვნებისა და კონტექსტის შემქმნელად პოზიციონირდება. 

 

 

ამ ტრენდის მთავარი ძალა სწორედ იმაშია, რომ ის არ იყო დაგეგმილი Keburia-ს მარკეტინგის გუნდის მიერ. აუდიტორიამ თვითონ დაიწყო საუბარი ბრენდთან. ეს ის ავთენტური, იშვიათი მომენტია, როცა მომხმარებელი თავისი სურვილით ხდება ბრენდის სამყაროს ნაწილი და მის ეკოსისტემაში ცდილობს ადგილის დამკვიდრებას.

 

რატომ მუშაობს ასეთი ტრენდები ბრენდის ცნობადობაზე

მარკეტინგულად ამ ტრენდს რამდენიმე კრიტიკული ღირებულება აქვს:

 

1. ავთენტურობა - არანაირი “რეკლამური”, ყალბი ენა. არანაირი მესიჯი, რომელიც ბრენდის გაყიდვის ზრდაზეა კონცენტრირებული. მხოლოდ კულტურული სიგნალი.

 

2. თავსებადობა ალგორითმთან - TikTok ხშირად განმეორებად საუნდებს და მარტივ, ადაპტირებად ფორმატებს პოპულარობაში ხელს უწყობს. ფრაზა “hire me as a model” იდეალურად მოერგო ამ ალგორითმულ ლოგიკას.

 

3. იდენტობის ტრანსფერი - როდესაც მომხმარებელი საკუთარ ვიდეოში იყენებს Keburia-ს სახელს, ის დროებით ირგებს ბრენდის იდენტობას, რაც ცნობადობის ყველაზე ღრმა დონეა.

 

4. ბრენდის ჰუმანიზაცია - ბრენდი ხდება მომხმარებელთან დიალოგის მონაწილე და არა ხელოვნურად დამწყები. ხალხი არ ელოდება მისგან პასუხს, ისე იწყებს საუბარს.  

 

 

ტრენდის პიკზე თავად გიორგი ქებურიას რეაქცია იყო მნიშვნელოვანი, რისთვისაც მან იდეალური დრო შეარჩია - ტრენდში ძალიან ადრე ჩართვა ორგანულობას კლავს, ძალიან გვიან პასუხის გაცემა კი - რელევანტურობას. დიზაინერმა დროის ბალანსი დაიცვა, რის შედეგსაც მისი ვიდეოს ინგეიჯმენთშიც ვხედავთ - 460k ნახვა, 26,3k მოწონება, 5,2კ გაზიარება. 

 

რას გვასწავლის ეს ქეისი

ეს ქეისი გვახსენებს ერთ არაპოპულარულ სიმართლეს - ბრენდები ვერ ქმნიან ტრენდებს. ისინი ქმნიან პირობებს და გარემოს, სადაც ტრენდები შეიძლება აუდიტორიამ გააჩინოს.

 

 

Keburia-ს შემთხვევაში ეს პირობები იყო:

  • მკაფიო ესთეტიკა

  • კულტურულად რელევანტური ასოციაციები

  • აუდიტორია, რომელიც საკუთარ თავს ხედავს ბრენდში

 

“Keburia, hire me as a model” არ არის უბრალოდ TikTok ტრენდი. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ მუშაობს თანამედროვე ბრენდის ცნობადობა კულტურულ დონეზე, არა ბიუჯეტით, არამედ მნიშვნელობით.

ასეთი მომენტები არ იზომება მხოლოდ ნახვებით. ისინი იზომება იმით, თუ რამდენმა ადამიანმა გაიფიქრა, რომ Keburia სათავისო ბრენდია, რაც დღეს ყველაზე დიდი მარკეტინგული წარმატებაა ბრენდებისათვის. 

 

 

 

share: