Cannes Lions 2026 - minds&marketing
grand-prix-winners

ვინ მოიპოვა Cannes Lions-ის გრან პრი

10 გამორჩეული კამპანია

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

17.07.2026

Cannes Lions-ზე ყოველწლიურად ათასობით კამპანიას წარადგენენ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე იმსახურებს უმაღლეს ჯილდოს – გრან პრის. დღეს 10 გამორჩეულ ნამუშევარს წარმოგიდგენთ, ასევე გეტყვით, რა ინსაითს დაეფუძნა თითოეული მათგანი და როგორი გადაწყვეტა შეარჩიეს. თუკი არამხოლოდ წაიკითხავთ და კამპანიებსაც ნახავთ, ნათელი გახდება, რატომ შეარჩიეს სწორედ ეს ნამუშევრები.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2026 წლის კანის ლომების ტრენდების რეპორტი უკვე მზად არის და შეგიძლიათ გადმოწეროთ. აქ ნახავთ იმ მთავარ ტენდენციებს, რომლებიც თანამედროვე მარკეტინგს განსაზღვრავს.

 

კატეგორია: Titanium Lions

კამპანია: Haven

სააგენტო: Leo Australia

ბრენდი: Suncorp Insurance



ინსაითი:
ჩვეულებრივ, სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელს მაშინ ეხმარებიან, როდესაც ზიანი უკვე დამდგარია. თუმცა ადამიანებისთვის გაცილებით ღირებულია, თუ საფრთხის თავიდან აცილებაში დაეხმარებიან, ვიდრე ზარალს აუნაზღაურებენ.


გადაწყვეტა:
Suncorp-მა შექმნა Haven – ციფრული პლატფორმა, რომელიც ამინდის, გარემოსა და სხვა მონაცემების ანალიზით მომხმარებლებს რეალურ დროში აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და აძლევს კონკრეტულ რეკომენდაციებს, როგორ აირიდონ ზიანი. შედეგად, დაზღვევა პასიური კომპენსაციის სერვისიდან პროაქტიულ, ყოველდღიურ დახმარებად გარდაიქმნა, ხოლო მარკეტინგი თავად პროდუქტის ნაწილად იქცა.

 

კატეგორია: Glass: The Lion for Change

კამპანია: Nigrum Corpus

სააგენტო: Artplan, São Paulo

ბრენდი: IDOMED (Instituto de Educação Médica)



ინსაითი: მედიცინაში ბევრი კლინიკური სახელმძღვანელო და სასწავლო მასალა თეთრკანიან პაციენტებზეა დაფუძნებული, რის გამოც შავკანიან პაციენტებში დაავადებების სიმპტომები ხშირად გვიან ან არასწორად დიაგნოსტირდება. ეს პრობლემა მხოლოდ ცნობიერების ნაკლებობას კი არა, თავად სამედიცინო განათლების სისტემას უკავშირდება.

გადაწყვეტა: IDOMED-მა შექმნა Nigrum Corpus – სამედიცინო სასწავლო რესურსი, რომელიც შავკანიან პაციენტებში დაავადებების გამოვლინებას ასახავს და ექიმებს უფრო ზუსტი დიაგნოსტირების შესაძლებლობას აძლევს. კამპანია რეკლამით არ შემოიფარგლა და სამედიცინო განათლების ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ, წიგნისთვის ჯერ 2025 წელს მოიპოვა გრან პრი კატეგორიაში Industry Craft Lions, წელს კი მთლიანად კამპანიისთვის, რომელიც უკვე იქცა ცვლილებების ნაწილად.

 

კატეგორია: Health & Wellness Lions

კამპანია: The Periodic Fable

სააგენტო: SMUGGLER, London / Uncommon Creative Studio, London

ბრენდი: The Ordinary


ინსაითი: სილამაზის ინდუსტრია მუდმივად ახალ-ახალ ტერმინოლოგიას გვახვევს თავს: „სასწაულმოქმედი ფორმულა“, „სამედიცინო დონე“, „Poreless“, თუმცა ეს ხშირად პროდუქტის ხარისხს სულაც არ განსაზღვრავს და, ჩვეულებრივ, მხოლოდ მარკეტინგული ილუზიაა, რომელიც მაღალ ფასს ამართლებს.


გადაწყვეტა:
The Ordinary-მ, რომლის მთელი ნარატივი ინგრედიენტების გამჭვირვალობაზეა აგებული, აიღო პერიოდულობის ცხრილი და ქიმიური ელემენტების ნაცვლად, შიგნით სილამაზის ინდუსტრიის 49 ცარიელი, უშინაარსო სიტყვა თუ ფრაზა ჩასვა, რომელთა ნაწილიც ზევით ჩამოვთვალეთ. ამით მომხმარებელს შეახსენა, რამდენად უშინაარსოა მსგავსი მარკეტინგული სლოგანები და პროდუქტების ქიმიური შემადგენლობაა მთავარი.

 

კატეგორია: Film Lions

კამპანია: Claude (Can I Get a Six Pack Quickly? / How Can I Communicate Better with My Mom?)

სააგენტო: Mother London

ბრენდი: Anthropic (Claude)


ინსაითი: ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მომხმარებლები სულ უფრო მეტად შიშობენ, რომ AI პლატფორმებიც სოციალური მედიისა და საძიებო სისტემების გზას გაჰყვებიან და რეკლამებით გადაივსებიან. მათ სურთ სივრცე, სადაც პასუხებს კომერციული გავლენის გარეშე მიიღებენ.

გადაწყვეტა: Anthropic-მა სწორედ ეს პოზიციონირება აქცია კამპანიის მთავარ იდეად. იუმორისტული ვიდეოებით Claude წარმოადგინა, როგორც AI, სადაც „რეკლამების ადგილი არ არის“. კამპანია პირდაპირ დაუპირისპირდა ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციას და Claude ნეიტრალური, მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული AI-ის სახით წარმოაჩინა.

 

კატეგორია: Audio & Radio Lions

კამპანია: Coquí Alarmed

სააგენტო: BBDO Puerto Rico

ბრენდი: Hyundai Puerto Rico


ინსაითი: 2025 წელს Reddit-ზე ტურისტის მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა, რომელიც კოკის ჯიშის ბაყაყების „მომაბეზრებელი“ ხმის გამო მათ დახოცვას ითხოვდა, ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პროტესტი გამოიწვია. მათთვის კოკის სიმღერა მხოლოდ ბუნების ხმაური კი არა, ეროვნული იდენტობის, სიამაყისა და გაუტეხლობის მთავარი მელოდიაა.

გადაწყვეტა: Hyundai-მ, როგორც უცხოურმა ბრენდმა, გადაწყვიტა მხარი დაეჭირა ადგილობრივი კულტურისთვის. მათ საიჯარო ავტომობილების ქარხნული საკეტის ხმა კოკის ნამდვილი ხმით ჩაანაცვლეს.

 

 

კატეგორია: Outdoor Lions

კამპანია: Field Barcode

სააგენტო: GUT São Paulo

ბრენდი: Mercado Livre


ინსაითი: ფეხბურთს ადამიანები უკვე ისედაც ყურადღებით უყურებენ, ბრენდს აღარ სჭირდება ყურადღების მოთხოვნა, მაგრამ, თუ ბრენდი ამ გამოცდილების ბუნებრივ ნაწილად იქცევა, მომხმარებელთან კავშირიც გაცილებით ძლიერია.

გადაწყვეტა: Mercado Livre-მა ბრაზილიის Pacaembu-ს სტადიონის მოედანი 104-მეტრიან შტრიხკოდად გადააქცია. მაყურებლებს მისი სკანირება შეეძლოთ და რეალურ დროში ბრენდთან ინტერაქციაში შედიოდნენ, იღებდნენ ფასდაკლებებს და ა. შ. საბოლოოდ, გარე რეკლამა სტატიკური მედიის ნაცვლად ცოცხალ, ინტერაქციულ გამოცდილებად გადაიქცა.

 

კატეგორია: Print & Publishing Lions

კამპანია: Look Familiar

სააგენტო: Rethink, Toronto

ბრენდი: Heinz Ketchup


ინსაითი: ძლიერი ბრენდისთვის პროდუქტის გამოჩენა ყოველთვის აუცილებელი არ არის. როდესაც ბრენდი წლების განმავლობაში თანმიმდევრულად აშენებს თავის გამორჩეულ აქტივს, მომხმარებელი მას უმცირესი ვიზუალური მინიშნებითაც კი ცნობს.

გადაწყვეტა: Heinz-მა შექმნა მინიმალისტური პრინტკამპანია, რომელშიც კეტჩუპის ბოთლი საერთოდ არ ჩანდა. მის ნაცვლად გამოყენებული იყო მხოლოდ Heinz-ისთვის დამახასიათებელი ვიზუალური ელემენტები და ფორმები, რომლებიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მომხმარებლებს ბრენდი მაშინვე ეცნოთ. ამ კამპანიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი ბრენდის კაპიტალი ყველაზე ეფექტური კონკურენტული უპირატესობაა.

 

კატეგორია: Industry Craft Lions

კამპანია: Tiny Coffee Shops

სააგენტო: Lola MullenLowe, Madrid

ბრენდი: De'Longhi


ინსაითი: ადამიანებს უყვართ პატარა, ავთენტური კაფეების ატმოსფერო, ხელწერა და გამოცდილება. სწორედ ამ განცდის გამეორება სურთ საკუთარ სახლშიც.

 

გადაწყვეტა: De'Longhi-მ მინიატურული ნამუშევრების სპეციალისტებთან თანამშრომლობით თავისი აპარატები პატარა კაფეებად გადააკეთა. ამით აჩვენა, რომ განსაკუთრებული ყავის გამოცდილების შექმნა სახლშიც შესაძლებელია.

 

კატეგორია: Creative Effectiveness Lions

კამპანია: Three Words

სააგენტო: Publicis Conseil

ბრენდი: AXA France


ინსაითი: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მოძალადისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ ხშირად წასასვლელი ადგილი და დამოუკიდებლად ცხოვრების ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ.

გადაწყვეტა: AXA France-მა საცხოვრებელი სახლის დაზღვევის პირობებს სამი სიტყვა – „და ოჯახში ძალადობა“ – დაუმატა და ოჯახში ძალადობა ხანძრისა და წყალდიდობის მსგავს, გადაუდებელი რელოკაციის საფუძვლად აღიარა. შედეგად, მსხვერპლებსა და მათ შვილებს შეუძლიათ მიიღონ უსაფრთხო დროებითი საცხოვრებელი, შემდეგ კი გრძელვადიანი საცხოვრებლის მოძიების, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი მხარდაჭერა.

 

კატეგორია: Entertainment Lions და Entertainment Lions for Music

კამპანია: Original Forever

სააგენტო: Johannes Leonardo, New York

ბრენდი: adidas Originals


ინსაითი: Oasis-ის დაბრუნებისა და ტურნეს შესახებ მთელი მსოფლიო საუბრობდა და უამრავი ბრენდი ცდილობდა ამ კულტურული მომენტის გამოყენებას. თუმცა adidas-ს Oasis-თან ხელოვნურად შექმნილი პარტნიორობის დამტკიცება არ სჭირდებოდა, ბრენდსა და ჯგუფს ათწლეულების ისტორია, ვიზუალური იდენტობა და კულტურული კავშირი აკავშირებდა.

გადაწყვეტა: adidas Originals უბრალოდ სპონსორი არ გახდა. ბრენდმა Oasis-ის ოფიციალური ტურნეს მერჩი შექმნა, კამპანიის ცენტრში კი არა თანამშრომლობა, არამედ მათი საერთო კულტურული მემკვიდრეობა მოაქცია. იდეა – "The Band with the Three Stripes" – ერთ ისტორიაში აერთიანებდა ბრენდს, მუსიკასა და ფანებს, რის შედეგადაც კამპანიამ როგორც ძველი თაობის ნოსტალგია გააცოცხლა, ისე ახალი აუდიტორიაც მიიზიდა.


 შეჯამებისთვის

თითოეული კამპანია შთამბეჭდავია. და თუ ერთი წინადადებით ვიტყვით, რამ გაიმარჯვა, ეს იქნება:

გაიმარჯვა კრეატიულობამ, რომელიც მხოლოდ დასამახსოვრებელ კამპანიას კი არ ქმნის, რეალურ პრობლემებს პასუხობს, ადამიანების გამოცდილებას აუმჯობესებს და სამყაროში დადებით ცვლილებებს იწვევს.

და ამ ინდუსტრიაში რა უნდა იყოს უფრო დიდი, ვიდრე კრეატივის ძალა, რომელიც ზოგჯერ იუმორით, ზოგჯერ მკაცრად განახებს რეალობას და გეუბნება: შეცვალე!

 

დადებითი ცვლილებების იმედით,

მომავალ კანის ლომებამდე!



share: