golden week of football
by Sports Orient
სულ რაღაც ხუთი დღე რჩება ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს - „ოქროს ბურთის“ (Ballon d’Or) - გამარჯვებულის გამოვლენამდე. გახდება თუ არა საქართველო 21-ე ქვეყანა, რომელსაც ამ ჯილდოს მფლობელი ფეხბურთელი ეყოლება ხვიჩა კვარაცხელიას სახით, ჯერ უცნობია. თუმცა, ერთი რამ ცხადია: ქართველი ფეხბურთელის ნომინაცია უკვე ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით სამი მილიონია.
სწორედ ამ ისტორიული შესაძლებლობის მნიშვნელობა, ქართული ფეხბურთის საერთაშორისო აღიარება და გლობალურ საფეხბურთო სივრცეში ქვეყნის მზარდი როლი იყო იმ საკითხებს შორის, რომლებზეც 18 ოქტომბერს, მარჯანიშვილის თეატრში გამართულ Golden Week of Football-ის ღონისძიებაზე ისაუბრეს. Sports Orient-ის მიერ ორგანიზებულმა შეხვედრამ თბილისის ცენტრში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები, საერთაშორისო სპორტული მედიის წარმომადგენლები და საფეხბურთო სფეროს სხვა მნიშვნელოვანი ფიგურები გააერთიანა.

საიდან იწყება ოქროს ბურთის ისტორია?
„ოქროს ბურთი“ (Ballon d’Or) პირველად 1956 წელს გაიცა, ხოლო მისი პირველი მფლობელი ინგლისელი ფეხბურთელი სტენლი მეთიუსი გახდა. თავდაპირველად ჯილდოს მიღება მხოლოდ იმ ევროპელ ფეხბურთელებს შეეძლოთ, რომლებიც ევროპის კლუბებში თამაშობდნენ, ამიტომ მისი მასშტაბი დღევანდელთან შედარებით გაცილებით შეზღუდული იყო.
მნიშვნელოვანი ცვლილება 1995 წელს მოხდა, როდესაც ჯილდოზე პრეტენზიის წარდგენის უფლება ევროპის კლუბებში მოთამაშე ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელებს მიენიჭათ. 2007 წლიდან კი „ოქროს ბურთი“ სრულად გლობალურ ჯილდოდ იქცა და მის მოსაპოვებლად მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის კლუბში მოთამაშე ფეხბურთელებს შეუძლიათ ბრძოლა.
ჯილდოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი ლიონელ მესია, რომელსაც „ოქროს ბურთი“ რეკორდულად 8-ჯერ აქვს მოგებული.
ისტორია და სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი მოვლენაა ხვიჩა კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის მოხვედრა - მით უფრო, მისი ფავორიტებს შორის ყოფნა. ეს მიღწევა ყურადღებას არა მხოლოდ თავად ფეხბურთელის, არამედ მთელი საქართველოს მიმართაც ზრდის. ქვეყანა სულ უფრო ხშირად ხდება საერთაშორისო სპორტული მედიისა და საფეხბურთო სკაუტების ინტერესის საგანი.
მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი საერთაშორისო ყურადღება ქართული სპორტული ეკოსისტემის განვითარებას, ადგილობრივი ფეხბურთის გაძლიერებასა და ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას მოვახმაროთ. ამისთვის კი საჭიროა მეტი ინვესტიცია, ძლიერი ინფრასტრუქტურა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ნიჭიერ ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და მსოფლიო ფეხბურთის დიდ სცენაზე გასვლა შეეძლებათ.

რა მოხდა Golden Week of Football-ზე?
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქს, ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ფრანჩესკო ტოტი ეწვია. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონთან ერთად, თბილისში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა, მწვრთნელებმა და ყოფილმა ფეხბურთელებმა პანელური დისკუსიის ფარგლებში, ოქროს ბურთისა და ხვიჩას ნომინაციის შესახებ თეატრის სცენიდან ისაუბრეს.
ღონისძიებას 18 სპონსორი და პარტნიორი მონაწილეობდა, რომელთა უმრავლესობამ საკუთარი ბრენდის აქტივაცია სპონსორების ზონაში წარმოადგინა. მათ შორის იყო, გენერალურ სპონსორ Croco.ge-ის ინტერაქციული გათამაშება: გულშემატკივრებს ხვიჩა კვარაცხელიას კარიერის შესახებ რამდენიმე კითხვაზე უნდა ეპასუხათ, გამარჯვებულს კი ფეხბურთელის მაისური ელოდა.
Vinorium-მა Welcome სივრცეს უმასპინძლა. საკუთარი სივრცეები ჰქონდათ Coca-Cola-ს, Fiat-სა და გამომცემლობა „არტანუჯსაც“, რომლის სივრცეშიც სტუმრებს ფრანჩესკო ტოტისა და შოთა არველაძის ბიოგრაფიული წიგნების შეძენა შეეძლოთ.

პანელურ დისკუსიაზე თავიანთი აზრი გააზიარეს სპორტული სამყაროს ისეთმა მნიშვნელოვანმა პირებმა, როგორიცაა ფრანჩესკო ტოტი (იტალიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი), შოთა არველაძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი), პაულო კონდო (Sky Sport-ისა და Corriere della Sera-ს ლეგენდარული ჟურნალისტი, რომელიც უკვე 16 წელია ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ხმას აძლევს), ჟულიენ როლენსი (BBC-ის, TNT-ის, ESPN-ისა და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებების ჟურნალისტი) და სხვები.
ივენთის მიწურულს, ტოტის ხვიჩა კვარაცხელიასგან სიმბოლური საჩუქარიც გადაეცა და დარბაზთან სამახსოვრო სელფიც გადაიღო.
რატომაა მნიშვნელოვანი?
ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცლის დაწერის შესაძლებლობა გაჩნდა. ამ ისტორიის შესავალი უკვე დაიწერა - ხვიჩა კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ ნომინაციით. როგორ გაგრძელდება და რა ეწერება მის დასკვნაში, ამას 26 ოქტომბრის საღამოს გავიგებთ.
თუმცა, მთავარი უკვე მიღწეულია - ხვიჩას სახელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით დგას. როდესაც მსოფლიო მედიის ყურადღება საქართველოზე გადმოდის, მნიშვნელოვანია, რომ ამ შესაძლებლობას სათანადოდ ვუპასუხოთ და გაზრდილი ინტერესი ქვეყნის სპორტული ეკოსისტემის განვითარებას მოვახმაროთ. სწორედ ამ კონტექსტში იძენს მნიშვნელობას Sports Orient-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრა.

მსგავსი ღონისძიებები მხოლოდ ერთი საღამოს შთაბეჭდილებებით არ შემოიფარგლება. ისინი ხელს უწყობს ქვეყანაში სპორტული დინამიკის გაძლიერებას, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარებას და ახალი იდეებისთვის საფუძვლის შექმნას. საერთაშორისო ვარსკვლავების მასპინძლობით შესაძლებელია ადგილობრივი აუდიტორიის ინტერესის გაღვივება, გლობალური მედიის ყურადღების მოზიდვა და საქართველოს სპორტული პოტენციალის საერთაშორისო აუდიტორიისთვის უკეთ გაცნობა.
მთავარი გამოწვევა კი ისაა, რომ ეს ყურადღება ერთჯერად მოვლენად არ დარჩეს. მისი გრძელვადიან შესაძლებლობად ქცევისთვის საჭიროა ისეთი ინიციატივები, რომლებიც სპორტს, ბიზნესს, მედიასა და გულშემატკივრებს ერთმანეთთან დააკავშირებს და საერთაშორისო ინტერესს ქართული სპორტის განვითარებისთვის გამოიყენებს.