ქართული ფეხბურთის მედია პლატფორმის ტრანსფორმაცია თანამედროვე ბრენდად
Geo Team-ის რებრენდინგი
მრავალი წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთი მხოლოდ ეროვნული ნაკრების მატჩიდან მატჩამდე არსებობდა. გულშემატკივრობის კულტურა, ჩართულობა, ემოციური კავშირი და ადამიანური ისტორიები მოედნის მიღმა - ამ ყველაფრის სერიოზული დანაკლისი იგრძნობოდა. სწორედ ეს დეტალები აძლევს ჩვენს საყვარელ თამაშს ნამდვილ ხიბლს, რადგან სპორტი ხომ გულშემატკივრისა და ემოციის გარეშე არაფერია.
მოკლედ, რომ ვთქვათ ‘’სიცარიელეში ვიყავით’’…
სანამ 2019 წელს არ დაიბადა ბრენდი, რომელიც დღეს უკვე ყველასთვის საყვარელი Geo Team-ის სახელითაა ცნობილი. ეს არის ისტორია თუ როგორ აქცია ერთმა ენთუზიასტმა ბიჭმა ჰობად დაწყებული საქმიანობა თანამედროვე სპორტულ მედია ბრენდად, რომელიც დღეს უკვე საერთაშორისო აუდიტორიასაც აცნობს ქართულ ფეხბურთს და რეალურად იპყრობს ახალი მწვერვალებს.
Geo Team-მა სულ ახლახანს განიცადა რებრენდინგი და წარადგინა განახლებული ვიზუალური იდენტობა. minds&marketing-ის გუნდი ამ ცვლილების მნიშვნელობაზე ესაუბრა ბრენდის დამფუძნებელს, საბა საპანაძეს, რომელმაც არაერთი საინტერესო დეტალი და ისტორია გვიამბო.
ასე დაიწყო ყველაფერი…
როგორც საბამ გვიამბო, თავიდან სპორტულ ჟურნალისტად მუშაობდა და მხოლოდ თავის პერსონალურ პროფილზე აქტიურობდა. მისი ინსპირაცია იყო ‘’433” (ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სპორტული გვერდი) და გაჩნდა იდეა შეექმნა მსგავსი კონცეფციის გვერდი ქართულ ფეხბურთზე.
საბა საპანაძე (Geo Team-ის დამფუძნებელი)

‘’მე მაშინ დავიწყე ეს ყველაფერი როცა არავის სჯეროდა. დავდიოდი ეროვნული ლიგის თითქმის ყველა თამაშზე, ვართმევდი ინტერვიუებს ფეხბურთელებს, რაც გარკვეულწილად დამეხმარა მათთან ძლიერი კონტაქტების დამყარებაში, დღეს ეს ადამიანები კი უკვე ვარსკვლავები არიან’’.
Geo Team-ის აღზევება, ერთა ლიგის სადებიუტო სეზონზე (2018-2019), ნაკრების წარმატებული ასპარეზობის პარალელურად მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც საბა აღნიშნავს, გარდამტეხი მომენტი და ის ეტაპი, როცა ბრენდმა მკვეთრი ზრდა ნახა, გიორგი ქვილითაიას დახმარებით მოხდა. ეს იყო სწორად გათვლილი კონტენტ სტრატეგიის შედეგი:
„პირველი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერში მართლაც ძალიან დამეხმარა, გიორგი ქვილითაია იყო. მაშინ გენტში თამაშობდა. ინსტაგრამის იუზერი და პაროლი გადავეცი და წინასწარ - დაახლოებით ერთი-ორი დღით ადრე - დავაანონსეთ, რომ გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე ერთ დღეს გაატარებდნენ გენტში, გამომწერებთან ერთად და გადაიღებდნენ სთორებს. ამის შემდეგ, სულ რაღაც ორ დღეში, გვერდი 1 000 გამომწერიდან 5 000-მდე ავიდა.
შემდეგ უკვე სერიოზული სახე მიიღო ამ ყველაფერმა, ეს აღარ იყო უკვე გართობა, ვიგრძენი პასუხისმგებლობა და პირადი ცხოვრება, გართობა, მეგობრებთან შეხვედრები შევამცირე, ჩემი თავი მივუძღვენი ჯეოთიმს.’’
და ეს შრომა აისახა კონტენტის ხარისხზე და გულშემატკივრის ჩართულობაზე. თავად დებს ყველა პოსტს, რადგან არავინ არ იცნობს მის აუდიტორიას მასზე კარგად.

‘’განსაკუთრებული ზრდა იყო კვარას ნაპოლიში გადასვლის პერიოდში, ხვიჩა ის ერთ-ერთი ადამიანია რომელსაც ძალიან უყვარს Geo Team და მუდმივად გვერდში მიდგას.’’
იყო რთული მომენტებიც…
ბრენდის სწრაფი ზრდა საჭიროებდა უფრო დიდ რესურსებს, რაც უკვე შესაბამის ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვდა, მაგრამ ჯერ არ ჩანდა სპონსორი.
‘’3 წელი ამ ყველაფერს ვაკეთებდი სპონსორის გარეშე. იყო პერიოდი, როცა მქონდა არჩევანი დამეთმო Geo Team ერთ-ერთი მსხვილი კომპანიისთვის’’
და ეს იყო მომენტი, როცა საბამ ყველაზე დიდი მხარდაჭერა იგრძნო ქართველი ფეხბურთელებისგან, როცა თითქმის ყველა მათგანმა ურჩია გაყოლოდა იმ გზას, რომელიც თავად დაიწყო და უდიდესი შრომა ჰქონდა ჩადებული.
„როდესაც Geo Team სრულიად უსპონსოროდ მუშაობდა, ფეხბურთელები მედგნენ გვერდზე. იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში თავად ინახავდნენ Geo Team-ს.
სპონსორები - აქაც ყველაზე დიდ პრობლემად რჩებოდა…
3 წლიანი უსპონსორობის ამ რთულ პერიოდში, ყველაზე საჭირო დროს გამოჩნდა კომპანია ‘’კაბისა’’, რომელმაც სპონსორობის სურვილი გამოთქვა:
‘’პირველი სპონსორი იყო ‘’კაბისა’’ რომელიც ძალიან დამეხმარა. ჯერ კიდევ ფეხბურთელები ინახავდნენ Geo Team-ს, როდესაც შემოვიდა შემოთავაზება, რომ მიუხედავად მცირე ბიუჯეტისა, დაესპონსორებინათ Geo Team. არასდროს არ დავივიწყებ, ეს იყო პირველი ადამიანი, რომელმაც თავისი სურვილით გამოხატა დახმარების სურვილი, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა.’’
სწორედ აქედან დაიწყო ბრენდის აღმასვლაც. შემდეგ უკვე გამოჩნდა მსხვილი სპონსორები ‘’ნაბეღლავისა’’ და ‘’აჭარაბეთის’’ სახით.
‘’უფრო მეტად გრძელვადიან თანამშრომლობებს ვანიჭებ უპირატესობას. არ მიყვარს ხშირ-ხშირი ცვლილებები, მაყურებლისთვისაც ეს არასერიოზულად ჩანს.’’
საერთაშორისო აღიარება - Here We Go!
ამას მოყვა საერთაშორისო დონეზე წარმატებები და გამოხმაურება ისეთი დონის სპორტული ჟურნალისტისგან, როგორიცაა ფაბრიციო რომანო, საბასთვის მისაბაძი ფიგურა. 2023 წელს, როდესაც კვარასთან ჩაწერა ინტერვიუ, ფაბრიციომ ერთ-ერთი ციტატა გადაიტანა თავის გვერდზე და Geo Team-ის სახელი, უკვე საერთაშორისო არენაზე გამოჩნდა.

‘’ინსტაგრამზე გამომიწერა და ჩემგან სამადლობელი სიტყვების შემდეგ მომწერა, რომ ვიმსახურებდი ამ ყველაფერს და რომ კარგ საქმეს ვაკეთებდი. შემომთავაზა Whatsapp-ზე კონტაქტის გაგრძელება, რადგან მისთვისაც საინტერესო პროდუქტი ვიყავი. პირადადაც გავიცანით ერთმანეთი, ხშირი კომუნიკაცია გვაქ განსაკუთრებით სატრანსფერო ფანჯრის დროს.’’
შემდეგ იყო უკვე ‘’433’’- ერთ-ერთი წამყვანი ციფრული სპორტული მედიისგან გამოხმაურება:
‘’ევროპის ჩემპიონატზე გასვლის პერიოდში 433-მაც გამომიწერა. უცხოეთიდან ბევრი გულშემატკივარი მყავს, ეს ყველაფერი თავდაჯერებას გიზრდის და ხვდები, რომ რაღაცას სწორად აკეთებ’’.
საბას მუშაობის სტრუქტურაზეც გავესაუბრეთ. თუ Geo Team-ის ერთი ვიდეო მაინც გაქვთ ნანახი, ალბათ მიხვდებით, როგორი მონდომება, შრომა და საქმისადმი სიყვარული იგრძნობა. განსაკუთრებით ცნობილია მისი ვიდეოები, სადაც ქართველ ფეხბურთელებთან თავად ჩადის და გვაჩვენებს მათ იქაურ ყოველდღიურობას და ცხოვრებას მოედანს მიღმა.
ფეხბურთელებთან ვიზიტი იგეგმება რამდენიმე ფაქტორიდან გამომდონარე:
- ფეხბურთელის განწყობა
- გუნდში არსებული სიტუაცია
- სატურნირო მდგომარეობა
‘’ფეხბურთელისგან თუ მწვანე შუქი არ მაქვს, არ მივდივარ. რაც ვარსკვლავები გახდნენ ჩვენი ფეხბურთელები მით უფრო რთულდება ყველაფერი, პირადი ურთიერთობები არ იცვლება, მაგრამ საქმეში შემოდის ისეთი მაღალი დონის გუნდის რეგულაციები როგორიცაა პსჟ, ლივერპული, კონტრაქტებში იმდენი პუნქტი აქვთ გაწერილი, რომ რთულია სწორი დროის გამონახვა თუნდაც ინტერვიუს ჩასაწერად.’’
რებრენდინგი - Geo Team-ის ახალი ვიზუალური იდენტობა
დღეს Geo Team ახალი ვიზუალური იდენტობითაა წარმოდგენილი, ახალი ლოგო, ფერები, ბრენდინგი, კონტენტის შეფუთვა:

„წელიწადნახევრის წინ გადავწყვიტე, რომ მინდოდა რებრენდინგი. სურვილი მქონდა გვერდი ახალ საფეხურზე ამეყვანა - უფრო სერიოზული კომპანიის იმიჯი შემექმნა და სპონსორებთან ურთიერთობის მეტი შესაძლებლობაც ყოფილიყო. მუდმივად ვფიქრობდი, რა იყო საჭირო შემდეგ დონეზე ასასვლელად.
მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი: თუ კონტენტის მაღალი დონე არ შეინარჩუნე, რებრენდინგი ვერაფერში გიშველის. ამიტომ ეს ინიციატივა იყო მესიჯი, რომ მე მჭირდება განვითარება, მჭირდება სიახლე. ეს იყო მცდელობა, გულშემატკივარს დაენახა, რომ Geo Team ვითარდება და რომ მათი ერთგულება ჩემთვის პასუხისმგებლობაა.“
ნაკრების შედეგი პირდაპირაა დამოკიდებული Geo Team-ის, როგორც გვერდის აქტიურობაზე, როდესაც ნაკრები კარგ შედეგებს დებს, გამომწერების რაოდენობა სწრაფად იზრდება, როცა ნაკრები არასახარბიელო ფორმაშია კი პირიქით, გამომწერთა რაოდენობა იკლებს, მაგრამ Geo Team-ს ჰყავს ერთგული გულშემატკივრების არმია, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა მხარს უჭერს საბას კონტენტს და მის ნამუშევრებს.
დღესდღეობით, Geo Team-ს Instagram-ზე ~250,000 გამომწერი ჰყავს - მეტი, ვიდრე ნებისმიერ ქართულ საფეხბურთო კლუბს, და ეს ყველაფერი ორგანულად, სოციალურ მედიაში ყოველგვარი ფასიანი რეკლამის გარეშე.
Geo Team-ის რებრენდინგი მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ ყოფილა - ეს არის ბრენდის ზრდის შემდეგ ეტაპზე გადასვლა, ბაზარზე პოზიციონირების გაძლიერება და ისეთ სტანდარტზე ასვლა, რომელიც დღეს საერთაშორისო საფეხბურთო მედია ეკოსისტემაში მოთხოვნადია.
ცოტა სამომავლო გეგმებზე
ის, რომ დღეს ქართული ფეხბურთი მნიშვნელოვნად წინ არის - როგორც გულშემატკივრობის კულტურის, ისე ფეხბურთელებთან ემოციური კავშირის თვალსაზრისით - ამაში დიდი წვლილი Geo Team-ს მიუძღვის. ფეხბურთელებთან ავთენტური კონტენტით, მათი სხვა თვალით დანახვის შესაძლებლობა მოგვეცა და ისინი გავიცანით არა, როგორც ფეხბურთელები, არამედ როგორც ადამიანები - ყველა თავისი ისტორიით.
საბამ ბრენდის სამომავლო გეგმებზეც გვიამბო ცოტა:
‘’ერთ-ერთი სიახლე რაზეც ვმუშაობ არის Geo Team-ის აპლიკაცია და საიტი. იმდენად მიყვარს ეს საქმე რომ მინდა დიდხანს და წარმატებულად ვაკეთო.’’
Geo Team-ის ისტორია გვახსენებს, რომ ძლიერი ბრენდი იქ იქმნება, სადაც კონტენტი, ემოცია და ავთენტურობა ერთმანეთს ხვდება.
დღეს Geo Team აღარ არის უბრალოდ სამოყვარულო სპორტული გვერდი, ეს არის ბრენდი, რომელსაც აქვს განვითარების გეგმა და სტრატეგია. ეს არის პროექტი, რომელმაც ფეხბურთელების ყოველდღიურობა მოედნის მიღმა გადმოიტანა, გულშემატკივრებს კი შესაძლებლობა მისცა არა უბრალოდ მხარი დაეჭირათ, არამედ მათთან ერთად გაეაზიარებინათ ემოცია, ისტორია და გამარჯვების ძალა.