ქართული საფეხბურთო კლუბის მარკეტინგული სტრატეგია
“გაგრას” რებრენდინგი
ეროვნული ლიგის კლუბებმა მომდევნო სეზონისთვის მზადება სულ რამდენიმე დღეა რაც დაიწყეს. როგორც ჩანს, საფეხბურთო კლუბი „გაგრა” ჩემპიონატის სტარტისთვის არა მხოლოდ სპორტულ, არამედ, მარკეტინგულ ჭრილშიც აქტიურად ემზადება. გუნდმა 2026 წელი სრული რებრენდინგით დაიწყო, - ვიხილეთ ახალი ლოგო და ეროვნული ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მესამე ფორმა.
მაისური ახლად შექმნილი დიზაინ სტუდიის, Moedani Creative-ის შექმნილია და როგორც კლუბის სოციალური ქსელების გვერდზე ვკითხულობთ, იგი შთაგონებულია გაგრას, როგორც ანტიკური საზღვაო ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორიით.

საფეხბურთო მაისურები დიდი ხანია რაც „სთორითელინგის” ძლიერ იარაღად იქცა. შეგვიძლია გავიხსენოთ როგორც ქუთაისის ტორპედოს ფორმაზე გადმოტანილი ნიკო ფიროსმანის პერსონაჟები, ასევე, დინამო თბილისის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი რეტრო მაისური.
„გაგრას“ ფორმაზე დატანილი არქიტექტურული დეტალები, ისტორიული მონუმენტები და შავი ზღვის ფრაგმენტები სწორედ ის არის, რაც მას არა მხოლოდ სანიმუშო ვიზუალურ პროდუქტად, არამედ, ძლიერ მარკეტინგულ სვლად აქცევს.
რებრენდინგისას, კლუბების პირველი და მეორე ფორმები ძირითადად კლასიკურ დიზაინს ეფუძნება ხოლმე, ხოლო როცა საქმე მესამე ფორმას ეხება, იქ გუნდები მაისურის დიზაინერებს მეტ თავისუფლებას აძლევენ, რაც „გაგრას“ ახალ მაისურზე უდაოდ ნათლად ისახება.
როგორც აღვნიშნეთ, კლუბმა ახალ ფორმასთან ერთად გულშემატკივარს ახალი ლოგოც წარუდგინა, რომლის მთავარ სიმბოლოდ დელფინი გვევლინება. ბუნებრივია, ეს გაგრელების შავ ზღვასთან არსებულ მჭიდრო კავშირზე მიუთითებს. სავარაუდოა, რომ დელფინს, როგორც კლუბის სიმბოლოს, უფრო და უფრო მეტ მარკეტინგულ კამპანიაში ვიხილავთ.
ახლა, ორივე „გაგრას“ ერთ დიდ ოჯახში ერთიანდება.
სწრაფი. ჭკვიანი. ერთიანობაში ძლიერი - გამოიცანი, ვინ არის?!” - ასე დაუანონსა „გაგრამ“ დელფინი, როგორც კლუბის ახალი სიმბოლო, ქართველ გულშემატკივარს.
კლუბის მარკეტინგული პერსპექტივა
საბედნიეროდ, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა „გაგრას“ მარკეტინგის გუნდის წევრებთან: თამარ მამალაძესთან და მონიკა აბრამიძესთან, რომლებიც ამ პროექტის მთავარი შემოქმედები არიან და მათი გადმოსახედიდანაც დაგვენახა კლუბის რებრენდინგი.
სასიხარულოა, რომ გუნდის მიზნებს შორის ერთ-ერთი მთავარი და მკაფიო მისიაა - არ მიეცეს გაგრას სახელი დავიწყებას, რაც რა თქმა უნდა თითოეული ქართველისთვის ემოციური და ამაღელვებელია. აქვე უნდა ვახსენოთ კლუბის ახალი სლოგანიც - "აქ იწყება საქართველო."
მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ახლა საქართველოს უკიდურესი დასავლეთით ვეღარ ასპარეზობს, მაინც ახერხებენ შეინარჩუნონ აფხაზეთისა და გაგრას იერსახე. ეს ყოველივე კი, არა მხოლოდ მარკტეტინგულ სვლებში, არამედ სპორტულ ასპარეზზეც შეიმჩნევა. 21 წლიანი ისტორიის განმავლობაში გაგრამ ორჯერ მოახერხა ევრო ტურნირებზე ასპარეზობა და ორივეჯერ ეს „გაგრა - საქართველოს” სახელით მოხდა. „გაგრას“ შექმნის არსი და იდეა ქალაქ გაგრაში დაბრუნება და იქ თამაშია.
სპონსორული ხელშეკრულება გაფორმდა abaula-სთან, რომელიც ონლაინ ბილეთების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმაა და მომდევნო სეზონების განმავლობაში გაგრას შეხვედრებზე დასასწრები ბილეთების ყიდვა სწორედ ამ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. როგორც თავად ამბობენ, გულშემატკივრის მოსაზიდად, სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი მარკეტინგული კამპანიები აქვთ მზად.
მათგან დაანონსებული „fashion marketing“-ული სვლა - კლუბის ახალი მაისური, ძირითადად „Gen Z“ თაობაზეა გათვლილი, რადგან დღესდღეობით ამ სტილში შეკერილი მაისურები ახალგაზრდა თაობაში საკმაო პოპულარობით სარგებლობს.
ასევე, მუშაობენ ისეთ პროექტებზეც, რომლებიც შედარებით უფროსი თაობისთვის იქნება საინტერესო. ხოლო რაც შეეხება ბავშვებს - ექსკლუზიური ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ გაგრას ახალი მასკოტი - გაგრინიო, ჟირაფი ჟოზეს მეგობარია და ახლო მომავალში ვიხილავთ ანიმაციის სერიას, სადაც მთავარი თემატიკა ფეხბურთი იქნება, გაგრასა და აფხაზეთზე ხაზგასმით.
ზოგადად, კლუბისთვის ბავშვები, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ფუნქციონირებს საფეხბურთო სკოლა, სადაც დევნილ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ივარჯიშონ და განვითარდნენ საფეხბურთო კუთხით, თავისმხრივ, ბავშვები, გაგრას თამაშებზე გულითად ქომაგობაში გამოხატავენ გაგრას მიმართ სიყვარულს.
კლუბში ასევე აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც ფან - შოპთან, ასევე, ფან კლუბთან დაკავშირებით. უნდა ვთქვათ, რომ „გაგრა“ ამ ეტაპზე, ალბათ, ადერთი გუნდია კლუბია რომელიც მარკეტინგულ ჭრილში მრავალმხრივი მიმართულებით მუშაობს და ასე აქტიურად აწარმოებენ კამპანიებს, თუმცა, სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში არსებობს პრობლემა რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ - სპონსორები.
კლუბში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად მათი რებდრენდინგისა, სპონსორების მხრიდან არ არსებობს გაგრულ კლუბთან თანამშრომლობის რეალური ინიციატივები.
ცხადია, ეს დიდი პრობლემაა არა მხოლოდ მათთვის, არამედ, ზოგადად ყველა ქართული კლუბისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მარკეტინგული კამპანიები იქნება ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ამ პრობლემას დროთა განმავლობაში აღმოფხვრის.
კლუბის წარმომადგენლებმა ასევე, განგვიცხადეს, რომ მათი სპორტული მიზანი გაგრას საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნებაა, რაშიც, ცხადია, საფეხბურთო განვითარების გარდა, მარკეტინგულ კომპონენტსაც დიდი წვლილი უნდა ქონდეს.
როგორ ეხმარება ბრენდინგი გულშემატკივართან კავშირის გაძლიერებას?
ბრენდინგი საფეხბურთო კლუბებს საშუალებას აძლევს გამოხატონ საკუთარი თავი არა მხოლოდ მათი შედეგებით, არამედ, შექმნან იდენტობა ლოგოს, მაისურებისა და ზოგადად, „სთორითელინგის“ მეშვეობით, რაც ემოციურ ბმას წარმოქმნის გულშემატკივარსა და კლუბს შორის.

მნიშვნელოვანია, რომ გუნდის ქომაგმა ამ გუნდის ნაწილად იგრძნოს თავი, თუმცა, ცხადია, ამ ყოველივეს მხოლოდ, ახალი ფორმა და მასზე დატანილი სიმბოლოები ვერ განაპირობებს, - ამას გულშემატკივართან სწორი კომუნიკაცია და სწორი მიდგომაც სჭირდება.
მსუბუქად რომ ვთქვათ, დიდი ხანია, საქართველოში ფანებსა და კლუბებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა არ არსებობს და ამ ვითარების გაუმჯობესებისათვის სწორი მარკეტინგული სვლების განხორციელება უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს .
ბიზნეს-მოდელი და კომერციული პოტენციალი
გარდა ემოციური კავშირისა, რებრენდინგი კლუბისთვის კომერციული ბერკეტიცაა. თანამედროვე ფეხბურთში მაისურები აღარ არის მხოლოდ „სპორტული ეკიპირება“ — ის იქცა „Lifestyle“ პროდუქტად, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში, სტადიონს გარეთაც იყენებენ.
ზოგადად, საქართველოში მერჩენდაიზინგ კულტურა და ფანშოპები ახლა იდგამს ფეხს, სულ ახლახანს ვიხილეთ ეროვნულ ლიგაში დაწინაურებული „მეშახტეს” გახსნილი ფანშოპი ტყიბულში, რაც ცხადია, გუნდისთვის და ზოგადად ქალაქ ტყიბულისთვის ძალიან სასიხარულო ამბავია. სამწუხაროდ, საქართველოში სხვა ასეთი, სულ რამდენიმეა, თუმცა, გაგრას მესამე ფორმა შეიძლება სწორედ ახალი ქართული ფანშოპის დაარსების საბაბი გახდეს.
იმ შემთხვევაში თუ კლუბი ამ მაისურს გაყიდვაში ჩაუშვებს, ეს არა მხოლოდ გუნდის გულშემატკივრისთვის, არამედ, მაისურების კოლექციონერებისა და ზოგადად, ესთეტიკის მოყვარულებისთვისაც მიმზიდველი იქნება, ეს კი პირდაპირი გზაა კლუბის ფინანსური დამოუკიდებლობისკენ, რაც ქართული რეალობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.
საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და “Venezia FC”-ის მაგალითი
საფეხბურთო სამყარომ უკვე იხილა “ვენეციას” მაგალითი, რომელმაც, მიუხედავად არც ისე საამაყო სპორტული შედეგებისა, სწორი მარკეტინგული სტრატეგიითა და გამორჩეული ვიზუალური იდენტობით, მოახერხა გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბი.
მათი მოდასა და ჩაცმის თანამედროვე სტილზე გათვლილი კამპანია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, დღესდღეობით, შეიძლება მათი მაისურები ნიუ იორკისა და ლონდონის ქუჩებში უფრო ხშირად იხილოთ, ვიდრე იტალიურ საფეხბურთო არენებზე.
„გაგრას“ ახალ მაისურსაც უკვე აქვს გამოხმაურება საერთაშორისო პლათფორმებზე და ვინ იცის, იქნებ ეს გარემოებაც გახდეს იმ ცვლილებების ხელშემწყობი ფაქტორი , რითაც კლუბი მოახერხებს ისეთი მარკეტინგული პროდუქტის შექმნას, რომელიც საინტერესო იქნება არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო აუდიტორიისთვისაც.
ასე და ამგვარად, გაგრას ეს მარკტეტინგული სვლა გახდა მაგალითი იმისა, რომ ეროვნული ლიგის გუნდები არ უნდა დაელოდონ წარმატების სპორტულ ასპარეზზე მიღწევას მათი მოედანსგარე მიზნების განსახორციელებლად. ვიმედოვნებთ, რომ გაგრული კლუბის ეს კამპანია მხოლოდ და მხოლოდ მოტივაციის მიმცემი იქნება სხვა ქართული კლუბებისთვის, თანაც, აშკარაა, რომ ქართული გუნდები უფრო და უფრო იაზრებენ მარკეტინგის მნიშვნელობასა და გავლენას სპორტის ინდუსტრიაზე.