Cannes Lions 2026 - გრან პრის მფლობელები
რჩეული კამპანიები
„კრეატიულობა ადამიანების, ბიზნესისა და საზოგადოების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია“ - თქვა LIONS-ის CEO-მ, საიმონ კუკმა Cannes Lions 2026-ზე პირველი დღის დაჯილდოების ცერემონიაზე.
პირველი ჯილდოები გაიცა Audio & Radio, Creative Brand, Creative B2B, Health & Wellness, Outdoor, Pharma, Print & Publishing და Lions Health & United Nations Foundation Grand Prix for Good კატეგორიებში. გიზიარებთ გამარჯვებულ კამპანიებს.
კატეგორია: Audio & Radio Lions
კამპანია: Coquí Alarmed
სააგენტო: BBDO Puerto Rico
ბრენდი: Hyundai Puerto Rico

ინსაითი: 2025 წელს Reddit-ზე ტურისტის მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა, რომელიც კოკის ჯიშის ბაყაყების „მომაბეზრებელი“ ხმის გამო მათ დახოცვას ითხოვდა, ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პროტესტი გამოიწვია. პუერტო-რიკელებისთვის კოკის სიმღერა მხოლოდ ბუნების ხმაური კი არა, არამედ ეროვნული იდენტობის, სიამაყისა და გაუტეხლობის მთავარი მელოდიაა.
გადაწყვეტა: Hyundai-მ, როგორც უცხოურმა ბრენდმა, გადაწყვიტა მხარი დაეჭირა ადგილობრივი კულტურისთვის. მათ საიჯარო ავტომობილების ქარხნული საკეტის ხმა კოკის ნამდვილი ხმით ჩაანაცვლეს.
კატეგორია: Creative B2B Lions
კამპანია: The Faroe Islands Space Program
სააგენტო: NORD Stockholm
ბრენდი: SKF

ინსაითი: სანამ ზესახელმწიფოები მილიარდებს ხარჯავენ ახალ კოსმოსურ რბოლაში მთვარის რესურსების მოსაპოვებლად, ჩვენ გვავიწყდება, რომ მთვარის უდიდესი ძალა (გრავიტაცია) ყოველდღიურად უკვე ჩვენთანაა და ოკეანის მიქცევა-მოქცევას მართავს.
გადაწყვეტა: კამპანიამ რთული ტექნოლოგიური თემა (წყალქვეშა ენერგია) გენიალურად შეფუთა როგორც „კოსმოსური პროგრამა, რომელიც დედამიწას არ ტოვებს“. ამგვარი პერსპექტივის ჩვენებამ მოსაწყენი საინჟინრო პროექტი გლობალურ, ამაღელვებელ ამბად აქცია.
კატეგორია: Health & Wellness Lions
კამპანია: The Periodic Fable
სააგენტო: SMUGGLER, London / Uncommon Creative Studio, London
ბრენდი: The Ordinary

ინსაითი: სილამაზის ინდუსტრია მუდმივად ახალ-ახალ ტერმინოლოგიას გვახვევს თავს: („სასწაულმოქმედი ფორმულა“, „სამედიცინო დონე“, „Poreless“), თუმცა ეს ხშირად პროდუქტის ხარისხს სულაც არ ნიშნავს და, ჩვეულებრივ, მხოლოდ მარკეტინგული ილუზიაა, რომელიც მაღალ ფასს ამართლებს.
გადაწყვეტა: The Ordinary-მ, რომლის მთელი ნარატივი ინგრედიენტების რადიკალურ გამჭვირვალობაზეა აგებული, აიღო პერიოდულობის ცხრილი და ქიმიური ელემენტების ნაცვლად, შიგნით სილამაზის ინდუსტრიის 49 ცარიელი, უშინაარსო სიტყვა თუ ფრაზა ჩასვა. ანუ პროდუქტის რეკლამირების ნაცვლად, მომხმარებელს შესთავაზა კრიტიკული აზროვნების ინსტრუმენტი იმ ფსევდო-მეცნიერული პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსაც სოციალური მედია და სხვა ბრენდები ყოველდღიურად ახვევენ თავს.
კატეგორია: Lions Health and United Nations Foundation Grand Prix for Good Award
კამპანია: Vehicle of Hope
სააგენტო: Differ Stockholm / Colony Stockholm
ბრენდი: Caritas (Caritas Sweden / Caritas Jerusalem)

ინსაითი: ომის ზონებში, კერძოდ კი ღაზის სექტორში, ბავშვები ყველაზე დაუცველი მსხვერპლნი არიან, რადგან სამედიცინო ინფრასტრუქტურა სრულად განადგურებულია და ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაბლოკილია. კამპანია დაეფუძნა მძლავრ კონტრასტს: რომის პაპის ავტომობილი (Popemobile) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული მანქანაა, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის უსაფრთხოებისთვის შეიქმნა.
გადაწყვეტა: Caritas-მა მიიღო პაპის კურთხევა, რომ ეს სიმბოლური ტრანსპორტი ბავშვთა მობილურ კლინიკად გადაეკეთებინათ და უსაფრთხოების ეს უმაღლესი სიმბოლო მიმართულიყო მათკენ, ვისაც დღეს სამყაროში ყველაზე ნაკლებად იცავენ - კონფლიქტის ზონაში მყოფი ბავშვებისკენ. ამით რელიგიური და სულიერი ლიდერობის სიმბოლო პრაქტიკულ და სიცოცხლის გადამრჩენ ჰუმანიტარულ იარაღად იქცა.
კატეგორია: Outdoor Lions
კამპანია: Field Barcode
სააგენტო: GUT São Paulo
ბრენდი: Mercado Livre

ინსაითი: ფეხბურთს ადამიანები უკვე უყურებენ ყურადღებით, ბრენდს აღარ სჭირდება ყურადღების მოთხოვნა, უნდა გახდეს გამოცდილების ნაწილი.
გადაწყვეტა: Mercado Livre-მა ბრაზილიის პაკაემბუს სტადიონის საფეხბურთო მოედანი გიგანტურ, 104 მეტრი სიგანის შტრიხკოდად აქცია. ამ ფიზიკურმა ექსპერიმენტმა ადამიანები პირდაპირ მატჩის მსვლელობისას გააჩერა და აიძულა ისინი რეალურ დროში, სმარტფონების საშუალებით აღმოეჩინათ ბრენდი და ჩართულიყვნენ მასთან ინტერაქციაში.
კატეგორია: Pharma Lions
კამპანია: Relax Your Tight End
სააგენტო: Fallon, Minneapolis
ბრენდი: Novartis

ინსაითი: პროსტატის კიბოს სკრინინგი საზოგადოებაში ტაბუდადებული და უხერხული ჯანმრთელობის თემაა, რის გამოც მამაკაცები ხშირად თავს არიდებენ შემოწმებას. Novartis-მა გადაწყვიტა ეს პირადი, ჩაკეტილი პრობლემა ფართომასშტაბიან საჯარო გასართობად ექცია.
გადაწყვეტა: ბრენდმა ცნობილი სახეების ავთენტური ჩართულობით შექმნა თამამი, იუმორით სავსე ვიდეორგოლი Super Bowl-ისთვის, რითაც სერიოზული სამედიცინო საკითხი სოციალურ ქსელებსა და PR-კამპანიებში აქტუალურ თემად აქცია.
კატეგორია: Print & Publishing Lions
კამპანია: Look Familiar
სააგენტო: Rethink, Toronto
ბრენდი: Heinz Ketchup

ინსაითი: როდესაც კეტჩუპის მოყვარულები სახლში თუ რესტორანში Heinz-ის ბოთლს ხედავენ, მათ ქვეცნობიერად უჩნდებათ უსაფრთხოების, ნოსტალგიისა და ხარისხის შეგრძნება. თუმცა, იმისათვის, რომ ეს ემოცია გაიღვიძოს, საერთოდ არ არის საჭირო ბოთლზე ბრენდის სახელის წაკითხვა. Heinz-ის ვიზუალური იდენტობა იმდენად ღრმადაა გამჯდარი პოპ-კულტურაში, რომ მომხმარებელი მას მხოლოდ ფორმით, ფერით ან ეტიკეტის სილუეტითაც კი უშეცდომოდ ცნობს.
გადაწყვეტა: სააგენტომ შექმნა მინიმალისტური პრინტ და გარე რეკლამების სერია, სადაც Heinz-ის ბოთლები და ეტიკეტებია გამოსახული, თუმცა ბრენდის სახელი ყველგან სრულიად წაშლილი და დაბინდულია. რეკლამას მხოლოდ ერთი მოკლე კითხვა ახლავს: „Look Familiar?“ (გეცნობათ?).
და ბოლოს, კატეგორია: Creative Brand Lions
ეს კატეგორია წელს პირველად დაემატა კანის ლომების ფესტივალს. იგი აფასებს არა კონკრეტულ სარეკლამო რგოლს ან ერთჯერად კამპანიას, არამედ ბრენდის შიდა სისტემებს, კულტურასა და ინფრასტრუქტურას. აჯილდოებს კომპანიებს, რომლებმაც კრეატიულობა აქციეს განმეორებად და მდგრად ბიზნეს მოდელად.
გრანპრი AB InBev. ის ასევე AB InBev გახდა პირველი კომპანია ფესტივალის ისტორიაში, რომელმაც მესამედ მოიპოვა საპატიო წოდება Creative Marketer of the Year.
Cannes Lions 2026-ის პირველი დღის გრან პრის მფლობელები ამოვწურეთ. მომავალი დღეების გამარჯვებულებსაც მსგავსად გაგიზიარებთ.
ვიზუალებში გამოყენებული ფოტო მასალა ეკუთვნის წარმოდგენილ ბრენდს და წარმოადგენს მათ ინტელექტუალურ საკუთრებას.